საქართველოში უკრაინის ელჩი - მოლაპარაკებების დრო დასრულდა, ჩემს სახელმწიფოში დაიწყო ომი, დღეს ჩვენ დავიწყეთ ცხოვრება სხვა რეალობაში
დღეს ჩვენ დავიწყეთ ცხოვრება სხვა რეალობაში. იმ რეალობაში, რომელშიც არ არის მსოფლიო წესრიგი, არ არის საერთაშორისო სამართალი, არ არის პატივისცემა სხვა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთმა განახორციელა ღია აგრესიის აქტი უკრაინის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც დოლგოვი ამბობს, მთელი მსოფლიო ცდილობდა მოსკოვთან დიალოგს პოლიტიკური და დიპლომატიური გზით.
„დღეს დილით რუსეთის ფედერაციამ განახორციელა ღია აგრესიის აქტი უკრაინის წინააღმდეგ, ჩემი სახელმწიფოს წინააღმდეგ. საკუთარი გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციამ დაარღვია გაერო-ს წესდების ბევრი დებულება, ასევე ყველა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის, ჰელსინკის დასკვნითი აქტი. დღეს ჩვენ დავიწყეთ ცხოვრება სხვა რეალობაში. იმ რეალობაში, რომელშიც არ არის მსოფლიო წესრიგი, არ არის საერთაშორისო სამართალი, არ არის პატივისცემა სხვა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
მოგახსენებთ იმის შესახებ, რომელიც გახდა წინაპირობა კრემლის ფატალური გადაწყვეტილებებისა. მოსკოვმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის დამოუკიდებლობა. ეს იყო გაკეთებული კრემლში მომზადებული სცენარის მიხედვით და ყველასთვის ეს გასაგებია. თავდაპირველად რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, აღიაროს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილები. ამის შედეგ მოსკოვში გაიმართა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა, რა დროსაც პრეზიდენტ პუტინს მისცეს რეკომენდაცია, აღიაროს ეს კვაზი წარმონაქმნების დამოუკიდებლობა. შემდეგ კრემლში მოხდა აქტი, ეს იყო შეთანხმების ხელმოწერა, ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან.
ვიდრე მოსკოვში ხდებოდა ეს ამბები, მთელი მსოფლიო ცდილობდა მოსკოვთან დიალოგის წარმოებას პოლიტიკური და დიპლომატიური გზით. მინდა, შეგახსენოთ, რომ დღეს, 24 თებერვალს უნდა გამართულიყო შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის. იყო შეთანხმებული, რომ ამ შეხვედრის შემდეგ გაიმართებოდა სამიტი რუსეთისა და შშ-ის პრეზიდენტებს შორის. პარალელურად ხდებოდა პუტინის ნამდვილი სცენარის შემუშავება. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, პუტინმა გამოაცხადა ოპერაცია. ეს გადაწყვეტილება იმ დროს იყო მიღებული, როცა ნიუ იორკში იმართებოდა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. ამ სხდომის ჩატარებას ითხოვდა უკრაინა, რადგან ხედავდა, სადამდე მიგვიყვანდა ყველა ეს მოვლენა. მოლაპარაკებების დრო დასრულდა, ჩემს სახელმწიფოში დაიწყო ომი. ჩვენ დაჟინებით ვახორციელებდით მუშაობას, რომ ყველანაირი საკითხები გადავწყვიტოთ ცივილიზებული გზით, ასევე პოლიტიკისა და დიპლომატიის გზით.
სამწუხაროდ, დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, რომ არსებობს ცივილიზებული სამყარო და არსებობს ერთი სახელმწიფო, რომელიც ყურადღებას არ აქცევს საერთაშორისო თანამეგობრობის გადაწყვეტილებებს, თავის თავს აძლევს საშუალებას, დაარღვიოს საერთაშორისო ნორმები, პრინციპები და განახორციელოს შეიარაღებული აგრესია. თავიდანვე, დილის ხუთი საათიდან უკვე გასაგები გახდა, რომ ეს არ არის სამშვიდობო ოპერაცია, როგორც სურდა, პუტინს ეჩვენებინა ყველასთვის. ეს არის ნამდვილი ომი“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.