საქართველოში უკრაინის ელჩი - დასავლეთი პუტინის პოლიტიკას ეფექტიანად ვერ ეწინააღმდეგება
დასავლეთი პუტინის პოლიტიკას ეფექტიანად ვერ ეწინააღმდეგება, – აღნიშნული განცხადება თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას, საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა გააკეთა.
დიპლომატის თქმით, ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა გლობალურ საკითხად უნდა აღიქვან და რუსეთს სათანადო პასუხი გასცენ.
„ჩვენ ძალიან კარგად ვმსჯელობთ და ვაანალიზებთ რუსეთის ქცევას, პუტინის პოლიტიკას. თუმცა, წინააღმდეგობას ეფექტიანად ვერ ვუწევთ. რატომ? პრობლემა სწორედ ამაშია. ორი საკითხია მნიშვნელოვანი. პირველი – პუტინი, სისუსტე, ნატო და ევროკავშირი; მეორე – პუტინს აქვს დე ფაქტო ვეტო. პუტინმა წითელი ხაზები სულ მცირე, ორჯერ გადაკვეთა – საქართველოსა და უკრაინაში. რა იყო დასავლეთის რეაქცია? ნუთუ პუტინს აქვს ვეტო და მას აქვს უფლება საზღვრები გადაკვეთოს და ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინოს? მინდა, შეგახსენოთ რეაქცია, რომელიც აშშ-ს ჰქონდა მაშინ, როდესაც წითელი ხაზები სადამ ჰუსეინმა გადაკვეთა. როგორც მოიქცა აშშ? რამდენად მტკიცე იყო პასუხი და რამდენად ფართოდ იყო წარმოდგენილი ამერიკული სამხედრო კონტიგენტი საუდის არაბეთში? ეს მარტივი, მაგრამ პრინციპული საგნებია“, – განაცხადა ელჩმა.
იგორ დოლგოვის შეფასებით, პრობლემის არსი აღქმაში მდგომარეობს.
„ვიდრე საქართველოსა და უკრაინაში არსებულ პრობლემას, ბრიუსელსა და ვაშინგტონში არ აღიქვამენ, არა როგორც ლოკალურ, არამედ როგორც გლობალურ პრობლემას, ჩვენ ვერ მოვძებნით გამოსავალს. ნატო-სა და ევროკავშირს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ჩვენს მსგავსად რომ ებრძოლათ, ისე როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ქართველები და უკრაინელები ვიბრძვით, წარმატებას ძალიან სწრაფად მივაღწევდით“, – განაცხადა კონფერენციაზე საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა.