საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ფოტოგამოფენით აღინიშნა
საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ფოტოგამოფენით აღინიშნა

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე საქართველოში ფოტოგამოფენით აღინიშნა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, კულტურის სახლ „მუზაში” 50 ფოტო გამოიფინა, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების გამოწვევებს, აგრეთვე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობას ასახავს, რომელსაც ორგანიზაცია გაუჩინარებული ადამიანების ნეშტების მოძიების, იდენტიფიკაციისა და ღირსებით დაკრძალვისთვის ახორციელებს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, 90-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, 2 400-ზე მეტი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

2010 წლიდან დღემდე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა 415 ნეშტის მოძიება შეძლო. 150-ზე მეტი ადამიანის ცხედარი ამ დროისთვის ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა.