საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, მათ შორის, აღმოსავლეთ საქართველოში ქარისა და წვიმის გაძლიერებაა ნავარაუდევი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი თქმით, დღეს, დღის პირველ ნახევარში დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია, უფრო ინტენსიური მთიან რაიონებში.
„ხვალ დაკლებაა მოსალოდნელი, კვლავ 15-17 გრადუსი შენარჩუნდება. იწვიმებს უმეტეს რაიონებში და ეს წვიმა შენარჩუნდება, როგორც გლობალური რუკებიდან ჩანს, 10 მაისის ჩათვლით და შესაბამისად, ტემპერატურის მომატება არ არის ნავარაუდევი. 9-10 მაისსაც გაგრძელდება ამ სიცივის შემოსვლის პერიოდები, რაც დროგამოშვებით ქარის გაძლიერებასაც გამოიწვევს დასავლეთ საქართველოში“, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, მისი თქმით, ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს 23-დან 25 გრადუსამდე.
„დღის პირველი ნახევარი იქნება მზიანი და დღის მეორე ნახევარში, საღამოს საათებში აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შესაძლებელია, აღნიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამ ტემპერატურულმა კონტრასტმა, რაც არის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია, პროცესი უფრო გააძლიეროს, ნალექის ინტენსივობა თქეშის სახით უფრო საღამოს საათებში იყოს აღმოსავლეთ საქართველოში. არ გამოვრიცხავთ ზოგიერთ რაიონში სეტყვასაც. ამ დროს შესაძლებელია, ქარის გაძლიერებაც“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ხვალ შესაძლებელია, მთლიანად უნალექოდ ჩაიაროს დღემ, ხოლო ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ მოიმატოს 25 გრადუსამდე.
„გარეუბნებში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულებით ქარი. უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი, დაახლოებით 16:00-17:00 საათამდე. 11 მაისის ჩათვლით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი დედაქალაქშიც. ჰაერის მკვეთრი დაკლება მოსალოდნელია უფრო 10 მაისს. შესაძლებელია 14-16 გრადუსამდე დაიკლოს ჰაერის ტემპერატურამ“, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.
მისი თქმით, 11 მაისიდან დედაქალაქშიც და აღმოსავლეთ საქართველოშიც დღის პირველი ნახევრიდან უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.
„თუმცა, საღამოს საათებში არ არის გამორიცხული, რომ განსაკუთრებით კახეთის რეგიონში იყოს დაძაბულობები ამინდის მხრივ, ხანმოკლე ხასიათის წვიმები და შესაძლებელია, სეტყვით ტემპერატურის მომატების გამო“, – დასძინა დოდო გვაზავამ.