საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ოფიციალური დელეგაცია იმყოფება
საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს თურქეთის დელეგაცია სტუმრობს. თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ოფიციალური დელეგაცია ქვეყანაში ხუთი დღე დარჩება და ქართველ სპეციალისტებთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს დმანისში, მცხეთაში, ახალციხეში, ზიკილიაში, საყუნეთში, აწყურსა და ვარძიაში მოინახულებენ.
სამუშაო მისიის ფარგლებში, მხარეებმა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულად ქართული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა, მიმდინარე და დაგეგმილი ქმედებები დღეს განიხილეს. ქართულმა მხარემ თურქ სპეციალისტებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა კვლევისა და რეაბილიტაციის მეთოდოლოგიურ ასპექტებში დახმარების მზაობა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ასევე მზადაა უმძიმეს საკონსერვაციო მდგომარეობაში მყოფი ოშკის რეაბილიტაციის დაწყებამდე თურქულ მხარეს მიაწოდოს დროებითი მზიდი ხარაჩო და დაეხმაროს მის მონტაჟში, რაც მეტ დროს მისცემს თურქულ მხარეს კვლევებზე დაფუძნებული კვალიფიციური სარესტავრაციო პროექტის შესამუშავებლად.
სექტემბერში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ქართველი რესტავრატორების სამუშაო ჯგუფის პირველი ვიზიტი პარხალის ეკლესიის კედლის მხატვრობაზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების პროცესში მეთოდოლოგიური კონსულტაციების გაწევის მიზნით თურქეთში უკვე შედგა. კედლის მხატვრობის კოსნერვაციის ქართველი წამყვანი სპეციალისტების დახმარებით სამუშაოები წარმატებით განხორციელდა.