საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახალი ასოციაცია შეიქმნა
საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახალი ასოციაცია შეიქმნა. „საქართველოს აგრობიზნეს ასოციაციამ“ აგრარული სექტორის მსხვილი წარმომადგენლების გაერთიანება დაიწყო.
„საქართველოს აგრობიზნეს ასოციაციის“ უმთავრესი ამოცანაა ხელი შეუწყოს მსხვილი ბიზნესის სოფლის მეურნეობით დაინტერესებას.
როგორც „საქართველოს აგრობიზნეს ასოციაციაში“ აცხადებენ, ახალშექმნილი ასოციაციის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობაში ბიზნესის წილის გაზრდას, არსებული ბიზნეს ერთეულების გაფართოება-გამსხვილებას;
„სექტორში ინვესტიციების მოზიდვას, ამავდროულად ის მიზნად ისახავს პასუხისმგებლიანი აგრობიზნესის მხარდაჭერას გარემოსცადვითი და სოციალური მიმართულებებით და სხვა“, – აცხადებენ ასოციაციაში.
GABA-ში განმარტავენ, რომ ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა, საგარეო ვაჭრობის ბაზრების დივერსიფიცირება, დადებითი ნეტო ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა, ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა COVID-19 პანდემიამ.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, სექტორში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა, რამაც ხელი შეუწყო საექსპორტო წარმოების გაზრდას, სოფლის მეურნეობის პროდუქტების უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებას, ინვესტიციების ზრდას, მათ შორის სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე. თუმცა, გამოწვევები აგრარული სექტორში მაინც ბევრია, მათ შორისაა, ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილების დეფიციტი; მიწის რესურსების დაბალი კონცენტრაცია და გამოყენების დაბალი მაჩვენებელი; კოოპერაციის მცირე რაოდენობა; პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის ღირებულებათა ჯაჭვის გაუმართაობა; შრომის დაბალი მწარმოებლურობა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი; არასაკმარისი თანამედროვე ტექნიკა და სხვა.
„საქართველოს აგრობიზნეს ასოციაციაში“ ამბობენ, რომ სწორედ ამ გამოწვევების შედეგია ზრდის დაბალი მაჩვენებელი და მნიშვნელოვნია არსებული რეალობის რადიკალური შეცვლა – მნიშვნელოვანია გაიზარდოს აგროსექტორის მწარმოებულურობა, საჰექტრო მოსავლიანობა, საგარეო სავაჭრო ბრუნვა.
„ამის მისაღწევად მნიშვნელოვანია კაპიტალის კონცენტრაციისა და ინვესტიციების ზრდა, აგროსექტორი კი უნდა გახდეს ბიზნეს ორიენტირებული. მსხვილი კაპიტალის შემოსვლა გაზრდის მწარმოებლურობას, განავითარებს საშუალო და მცირე ბიზნესს, შექმნის ახალი მიწოდების ჯაჭვებს. მსხვილი კაპიტალი და ბიზნესი ძლიერი საბაზრო ძალაა, რომელიც განვითარებაზე, მოგებაზე და ინოვაციებზეა ორიენტირებული და ასეთივე ორიენტირს მისცემს სოფლის მეურნეობას“, – განმარტავენ ასოციაციაში.
„საქართველოს აგრობიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტია მიხეილ ჭკუასელი, პირველი ვიცეპრეზიდენტი კი ირაკლი ჩიქავა. ახალდაფუძნებული ასოციაცია აერთიანებს აგროსექტორის მსხვილ ბიზნეს ერთეულებს, კოოპერატივებს, საინვესტიციო ფონდებს, საფინანსო ინსტიტუტებს, საკონსულტაციო კომპანიებს, ასოციაციებს და პროფესიულ გაერთიანებებს, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს.