საქართველოში შრომით უფლებებთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება იგეგმება
საქართველოში შრომით უფლებებთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება იგეგმება.
ცვლილებებს დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, „სოლიდარობის ქსელი“, „ერთობა 2013“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირი და სოციალურ მუშაკთა გაერთიანება მოამზადებენ.
ნაცვლიშვილის განცხადებით, რეფორმები, რომლებიც შრომითი ურთიერთობების მიმართულებით ტარდება, რეალურ ცვლილებებზე ორიენტირებული არ არის და ევროკავშირის მოთხოვნების მექანიკურ შესრულებას წარმოადგენს.
მისი შეფასებით, ხელისუფლება თითქოს აღიარებს, რომ ვითარება სავალალოა, მაგრამ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.
ინიციატორებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის ითხოვენ – შრომის ინსპექციის მანდატი დაუყოვნებლივ გავრცელდეს დასაქმებულთა შრომის უფლებებზე; სასამართლოში გამოიყოს მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კონკრეტულად მხოლოდ შრომითი დავების განსახილველად, რათა მათი განხილვა მაქსიმუმ სამ თვეში დასრულდეს; ასევე შემცირდეს სპეციფიური კატეგორიის დარგების რაოდენობა; მკაცრად მოხდეს ზეგნაკვეთური შრომის რეგლამენტირება; მინიმალური ხელფასი განისაზღვროს 500 ლარის რაოდენობით და დადგინდეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულება კერძო სექტორში.