საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა ოქტომბერში 11.5 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 153.2 მლნ აშშ დოლარი (454.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.5 პროცენტით მეტია 2018 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე.
საქართველოში გადმორიცხვები ყველა უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნიდან იზრდება. გამონაკლისი მხოლოდ რუსეთია, რომელიც, კლების მიუხედავად, პირველ ადგილს ინარჩუნებს.
კერძოდ, რუსეთიდან ოქტომბერში 37.9 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც გასული წლის ოქტომბერზე 4.5 პროცენტით ნაკლებია. მეორე ადგილზე იტალიაა, საიდანაც საქართველოში 21 მლნ დოლარი შემოვიდა (ზრდა 24.6 პროცენტი), მესამეზე საბერძნეთი – 15.95 მლნ დოლარი (ზრდა 3.94 პროცენტი).
ფულადი გზავნილები განსაკუთრებით მზარდია ყაზახეთიდან – 3.23 მლნ დოლარი, ზრდა 123 პროცენტი; ყირგიზეთიდან – 2.3 მლნ დოლარი, ზრდა 90.7 პროცენტი და სომხეთიდან – 1.32 მლნ დოლარი, ზრდა 89.56 პროცენტი.