საქართველოში შარშან უგზო-უკვლოდ დაკარგული 210 ადამიანისგან 70 ისევ იძებნება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შარშან საქართველოში უგზო-უკვლოდ 210 ადამიანი დაიკარგა, მათგან 70 კი ისევ იძებნება. მოსაძებნი პირებიდან 67 საქართველოს მოქალაქეა, ორი – რუსეთის, ერთი კი აზერბაიჯანის.
უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2018 წელს დაკარგული მოქალაქეებისგან 122 მოიძებნა, 17 გარდაცვლილი იყო, ერთი კი გარდაცვლილად სასამართლომ ცნო.
ამასთან, სამინისტრო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სტატისტიკას 1973 წლიდან არსებული მონაცემებითაც აწარმოებს. ბოლო 46 წლის განმავლობაში დაკარგულთაგან მოსაძებნი 1007 მოქალაქეა.