სექსუალური ხასიათის შევიწროებაზე გათვალისწინებული იქნება როგორც ფულადი ჯარიმები, ასევე გამოსასწორებელი სამუშაოები
საქართველოში სექსუალური ხასიათის შევიწროებაზე გათვალისწინებული იქნება როგორც ფულადი ჯარიმები, ასევე გამოსასწორებელი სამუშაოები.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ავტორი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოა, ცვლილებების ინიციატორები კი, დეპუტატები თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და გიორგი ტუღუში არიან.
ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს, გამოიწვევს დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნება ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.
ამასთან, კანონპროექტით, საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით, გამოიწვევს დაჯარიმებას – 500-დან 800 ლარამდე. ამ თვალსაზრისით, ინიციატივით კონკრეტდება, რომ თუ ეს ქმედება, ჩადენილი იქნება ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ორი ან მეტი პირის მიერ, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.
კანონპროექტში შენიშვნის სახით დაზუსტებულია, რომ სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, ასევე გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.