საქართველოში სამომხმარებლო ფასები ერთ წელიწადში 7 პროცენტით გაიზარდა
2019 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში სამომხმარებლო ფასების ზრდამ 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ისევ 7.0 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, წინა თვეში სამომხმარებლო ფასები თამბაქოს გარეშე 0.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 6.3 პროცენტით.
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დეკემბერში დაფიქსირდა ფასების 1.4-პროცენტიანი მატება. ფასი გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 3.7 პროცენტით, ხილსა და ყურძენზე – 2.9 პროცენტით; ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 2.3 პროცენტით, თევზეულზე – 2.1 პროცენტით. ასევე რძე, ყველი და კვერცხი 1.1 პროცენტით გაძვირდა. ამასთან, ფასები შემცირდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე 1.0 პროცენტით.
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში ფასები მომატებულია 1.0 პროცენტით. 2 პროცენტით გაძვირდა საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება, 0.9 პროცენტით – ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეები.
ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.7 პროცენტიანი კლება. 2.4 პროცენტით შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენა და 2.1 პროცენტით სატრანსპორტო მომსახურება.
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.3 პროცენტით. გაძვირებულია ხილი და ყურძენი – 31.9 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები -14.8 პროცენტით, თევზეული – 14.2 პროცენტით, ბოსტნეული და ბაღჩეული – 14.1 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი -13.5 პროცენტით; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 10.7 პროცენტით; მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 9.1 პროცენტით, პური და პურპროდუქტები – 6.6 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო – 5.0 პროცენტით, ასევე ზეთი და ცხიმი – 4.6 პროცენტით.
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში წლიურად ფასები 15.6 პროცენტით არის მომატებული. გაძვირებულია როგორც თამბაქოს ნაწარმის (30.8 პროცენტი), ასევე ალკოჰოლური სასმელები (3.1 პროცენტი).
დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფში ფასები გაზრდილია 6.9 პროცენტით. გაძვირდა ტურისტული მოგზაურობა 13.6 პროცენტით; ფასმა მოიმატა დასვენების, გართობისა და კულტურის ხანგრძლივი მოხმარების სხვა საქონელზე 7.4 პროცენტით, ასევე გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე – 1.8 პროცენტით.
ტრანსპორტის ჯგუფში 2.9-პროცენტიანი მატება ფიქსირდება. 4.6 პროცენტით გაძვირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია 3.5 პროცენტით და სატრანსპორტო მომსახურება – 1.2 პროცენტით.
ამასთან, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები მომატებულია 7.9 პროცენტით, მათ შორის 9.0 პროცენტით – საზოგადოებრივ კვებაზე.