საქართველოში სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვა მოხდება
საქართველოში სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვა მოხდება

საქართველოში სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვა მოხდება, რაც მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტყეებს მოიცავს.

შესაბამისი ცვლილებები – „ტყის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირებაც უკვე მოხდა, ცვლილებების ავტორები კი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – კახა კუჭავა, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე და გოგა გულორდავა არიან.

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვის მიზანია, საქართველოს ტყისა და მისი რესურსების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, ტყეების მდგომარეობაზე უწყვეტი მონიტორინგი და ტყესთან დაკავშირებული მონაცემების შესახებ საერთაშორისო ანგარიშგება.

ცვლილებებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ტერიტორიის საკუთრების მიუხედავად (მათ შორის, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე) ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვა ტერიტორიის მესაკუთრესთან შეთანხმებით, შეიძლება, სამინისტრომ განახორციელოს.

„ტყის ეროვნული აღრიცხვა ქვეყანაში არსებულ ყველა ტყეს მოიცავს, ტყის მმართველობის ორგანოსა და ტყის დაცვის სტატუსის მიუხედავად. ინფორმაცია დაახლოებით 6600 სანიმუშო ფართობიდან (2200 კლასტერი) შეგროვდება, რომლებიც 3.6 x 3.6 კმ ბადეზე განლაგდება. წარმოდგენილი სანიმუშო ფართობები მუდმივად მონიშნული იქნება და მათზე ტყის ფართობების რეგულარული შეფასება ყოველ ათ  წელში განხორციელდება. რეგულარული ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე შესაძლებელი იქნება, საქართველოს ტყეების მდგომარეობის მონიტორინგი და კონკრეტული სტრატეგიული გადაწყვეტილებების ეფექტის შეფასება. ამასთან, ორთო-ფოტოები და სატელიტური მონაცემები გამოყენებული იქნება საველე სამუშაოების მომზადებისა და შეგროვებული მონაცემების შემდგომი ინტერპრეტაციისთვის. ეს კი შესაძლებელს გახდის ტყეების მდგომარეობის შეფასებას იმ ფართობებზეც, რომლებიც მიუწვდომელია პოლიტიკურ ან გეოგრაფიულ მიზეზებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

როგორც ცვლილებების ავტორები განმარტავენ, საქართველოში ტყის ეროვნული აღრიცხვა დღემდე არ ჩატარებულა, რადგან კანონმდებლობაში შესაბამისი ჩანაწერი არ არსებობს.

„ტყის ეროვნული აღრიცხვა დაგეგმილია, როგორც მრავალმიზნობრივი ინვენტარიზაცია, რაც უზრუნველყოფს მონაცემებს ტყის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მახასიათებლების, ტყის განვითარებისა და დეგრადაციის სტატუსის, ასევე მისი ბიომრავალფეროვნების შესახებ, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შემცირებისა და ტყეებში დეპონირებული ნახშირბადის მარაგების შესახებ. ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზანს რეგიონულ და სატყეო უბნის დონეზე სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა არ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სატყეო უბნების დონეზე, ტყის მართვის გეგმების შემუშავების მიზნით, პარალელურად ტყის დეტალური შეფასება განხორციელდეს“, – ნათქვამია კანონპროექტში.