საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა - რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რა რეგულაციები რჩება ქვეყანაში
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა - რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რა რეგულაციები რჩება ქვეყანაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 23 მაისიდან გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, ე.წ. კომენდანტის საათიც.

ქვეყანაში მოიხსნა გარკვეული ტიპის შეზღუდვები და ამასთანავე, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, რჩება რამდენიმე რეგულაცია.

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც, დარეგულირდება მთავრობის დადგენილებით ყველა ის შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს საქართველოში 15 ივლისამდე“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი.

დღეიდან, 23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულოა პირბადეების ტარება, მათ შორის ვაჭრობის ობიექტებში. ასევე, კვლავ სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვა.

კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში და საკარანტინო ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები. ასევე, საკარანტინო ზონად რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

გაუქმდა სამკაციანი შეზღუდვა ავტომობილებში და დარჩა მხოლოდ ტაქსის მომსახურების შემთხვევაში. აგრეთვე, ტაქსის მძღოლები ვალდებული არიან, გამოიყენონ პირბადე.

გაუქმდა შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ, ვინაიდან ისინი არიან მაღალი რისკის კატეგორიის ჯგუფში, მთავრობა მათ მიმართავს რეკომენდაციით, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, არ გავიდნენ ქუჩაში და დარჩნენ სახლში.

საგანგებო მდგომარეობასთან ერთად მოიხსნა შეზღუდვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შეკრებასა და მანიფესტაციაზე.

ქვეყანაში შეზღუდული რჩება სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი, კონკრეტულად, საუბარია იმ პროდუქციაზეა, რომელიც აუცილებელია კორონავირუსთან ბრძოლისთვის.

გარდა ამისა, 23 მაისის შემდეგაც კვლავ ძალაშია შემდეგი შეზღუდვები:

რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება; ასევე, ამ ეტაპზე სასტუმროების ფუნქციონირება არის შეზღუდული, გარდა საკარანტინო ზონებისა. ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა – გარდა ონლაინ ვაჭრობისა;

ასევე, შეზღუდული რჩება ე. წ. მოლების და ბაზრობების მუშაობა (გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ); ასევე, სპორტული და კულტურული ობიექტების მუშაობა და ასეთი ღონისძიებების ჩატარება. აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურება, გარდა ელექტრონული ფორმისა.

ასევე, ზოგიერთი სახელმწიფო სერვისი კვლავ განხორციელდება დისტანციურად.

ძალაში რჩება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრის შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა – ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ.

ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც საქმიანობას აგრძელებს, ვალდებულია, დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც წარმოდგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო სურსათის წარმოებისას სავალდებულოა – სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება.

შეზღუდვები შენარჩუნდება ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე.

ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ყველა აღნიშნული შეზღუდვის ეტაპობრივ მოხსნასთან დაკავშირებით, იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და გადაწყვეტილებებს მიიღებს ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

„სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, მის ქვეშ არსებული ოპერაციული შტაბები და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი 144“, – აღნიშნავს ირაკლი ჩიქოვანი.

15 ივნისიდან მოიხსნება ყველა შეზღუდვა შიდა ტურიზმისათვის, ხოლო პირველი ივლისიდან, საქართველო მზად იქნება, მიიღოს საერთაშორისო ტურისტებიც, შესაბამისი პროტოკოლების დაცვით.

„მაშინ, როდესაც უქმდება სამართლებრივი შეზღუდვები და იხსნება შეზღუდვების ფართო სპექტრი, ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დავიცვათ არსებული რეკომენდაციები. აღნიშნული რეკომენდაციების მკაცრი დაცვა მოგვცემს საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას განვითარების მაღალი დონე და რაც შეიძლება სწრაფად სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს“, – მიმართა ირაკლი ჩიქოვანმა მოქალაქეებს.