საქართველოში საფრანგეთის ელჩი - მებრძოლი სული ჩქეფს ყველა ქართველის ძარღვებში და ქართველები ამას ყოველდღე აჩვენებენ
პარალიმპიელებო, თქვენი მიღებული ცხრა მედლით აჩვენეთ, რომ პარიზში არ წასულხართ მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად, როგორც არის დევიზი, არამედ მოსაგებად, – ასე მიმართა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ ქართველ პარალიმპიელებს.
როგორც პარალიმპიადა 2024-ის მონაწილეების დახვედრის ცერემონიალზე ელჩმა განაცხადა, მებრძოლი სული ჩქეფს ყველა ქართველის ძარღვებში და ქართველები ამას ყოველდღე აჩვენებენ.
„თქვენ იყავით შთაგონების წყარო, თქვენი მონდომებით, თქვენი გამბედაობით, ასევე ძალიან დიდი ემოციები გამოიწვია თქვენმა შეძახილებმა, ცრემლებმა, ძმობის სულისკვეთებამ, ძალიან ლამაზი იყო ამ ყველაფრის ნახვა. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ დავსწრებოდი პარაოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას პარიზში, ვნახე პარაოლიმპიური დელეგაცია შანზ ელიზეზე, კონკორდის მოედანზე და ძალიან დიდი ემოცია გამოიწვია ამან ჩემში. ვნახე აკაკი, რომელიც საქართველოს ფერებით იყო შემოსილი, მე ასევე გამიმართლა, დავესწარი პარატაიკვანდოს შეჯიბრებს და ვნახე ანა, ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც თავდაუზოგავად იბრძოდა, რომ საქართველოსთვის მოეპოვებინა არა მხოლოდ პირველი მედალი, არამედ პირველი ქალი სპორტსმენის მედალი. ძვირფასო ანა, თქვენ შეგიძლიათ, იამაყოთ თქვენი თავით. მე ასევე ვნახე, როგორ ამხნევებდა ფრანგი საზოგადოება ქართველ სპორტსმენებს, ეს მომენტები ჩემს მეხსიერებაში დარჩება, როგორც სპორტის ძალიან ძლიერი სიმბოლო“, – განაცხადა შერაზ გასრიმ.
ელჩმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პარალიპმპიელებს წარმატებულ ასპარეზობაში ეხმარებოდა.
„მინდა, ასევე პატივი მივაგო პარაოლიმპიური თამაშების კომიტეტის გუნდებს მათი დინამიზმისთვის, ისინი მთელი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, სპორტული ფედერაციები, მწვრთნელები, მომზადებლები, მხარდამჭერები, ჟურნალისტები, ახლობლები. ყველა თქვენს დონეზე აძლიერებთ საქართველოში უფრო ტოლერანტული, ინკლუზიური და სოლიდარული საზოგადოების შენებას. იმედი მაქვს, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადამ გაამართლა, თქვენი იმედების და მოლოდინის სიმაღლეზე იყო, პოლემიკა და ბევრი კამათიც იყო. ჩვენ ძალიან გაბედულები ვიყავით და იმედი მაქვს, რომ ეს მომენტები მეხსიერებაში დარჩება. ძალიან მომთხოვნები და ამბიციურები ვიყავით, ეს არის ფრანგული სული, ამის გამოხატვა გვინდოდა და მადლობა, რომ ჩვენთან ერთად დატოვეთ წარუშლელი შთაბეჭდილებები“, – განაცხადა ელჩმა.