საქართველოში რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია „ტარომი" იწყებს ოპერირებას
პირველი ივლისიდან, კვირაში სამჯერ ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს რუმინული სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM განახორციელებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუმინული ავიაკომპანიისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იქნა მიღებული.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ბიზნესგანვითარების მენეჯერმა, დეა მაჭავარიანმა განაცხადა, რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია “ტარომთან” მოლაპარაკებებს 2015 წლიდან აწარმოებს. მისი თქმით, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება, ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. აღსანიშნავია, რომ რუმინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აქამდე არასდროს განხორციელებულა. ივლისიდან ბუქარესტის მიმართულებით საქართველოს უკვე ორი საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება პირდაპირი ფრენები. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუმინეთის დედაქალაქის მიმართულებით სახელმწიფო ავიაკომპანია „ტარომი” იფრენს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირ ავია რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი კომპანია „ვიზეარი” განახორციელებს”,- განაცხადა დეა მაჭავარიანმა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ავიამიმართულებები ორ ქვეყანას შორის არსებულ ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გააღრმავებს.
2018 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოში შემოსული რუმინეთის მოქალაქეების რაოდენობა, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24, 5 პროცენტით არის გაზრდილი.