საქართველოში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი ოგტაი ასადოვი ჩამოვიდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად მაღალი რანგის სტუმრების ჩამოსვლა გრძელდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს ეწვია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) სპიკერი ოგტაი ასადოვი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმარს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დახვდა.
დახვედრის ცერემონიის ფარგლებში გაიმართა მხარეებს შორის ხანმოკლე საუბარი. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ოგტაი ასადოვს საქართველოში ჩამოსვლისთვის. მხარეებმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, მეგობრობასა და გამოხატეს მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
ოგტაი ასადოვი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.
აღსანიშნავია, რომ ოგტაი ასადოვი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თბილისსა და ბაქოს შორის არსებულ ურთიერთობებს.
„მიმდინარე წელს, საქართველოს პრემიერ – მინისტრის მამუკა ბახტაძის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადებები მას არაერთხელ გაუკეთებია: “აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის მეგობრობას მდიდარი ისტორია აქვს. ეს მეგობრობა საუკუნეებია გრძელდება. ჩვენი პარტნიორობა დღეს სტრატეგიული ხასიათისაა. მაღალ დონეზეა პოლიტიკური დიალოგი, ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები. ჩვენ ერთობლივად ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ, რომელთა შორისაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმი, გაზის სამხრეთის დერეფანი, ტრანსანატოლიური და ტრანსკასპიური მილსადენების პროექტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა“ – ოგტაიასადოვი“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.