საქართველოში პირველი აგრარული უპილოტო საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს სამოქალაქო უპილოტო საჰაერო ხომალდების რეესტრში პირველი აგროდრონი დაარეგისტრირა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, უპილოტო საჰაერო ხომალდს კომპანია „აგრიკოპტერი“ გამოიყენებს. დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა 24,8 კგ-ს, ფრენის მაქსიმალური სიჩქარე 15 მ/წმ-ს, ხოლო ფრენის ზღვრული სიმაღლე – ზღვის დონიდან 2000 მეტრს შეადგენს. აგროდრონი აღჭურვილია ჩამოვარდნისგან თავდაცვის, მაღალი სიზუსტის რელიეფის ამომცნობი რადარის მოდულის, საფრქვევი და შესაწამლი სისტემებით.
აგრარული უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენება შესაძლებელია საჰაერო შეწამვლის, თხევადი სასუქის გაფრქვევის და საჰაერო თესვის განხორციელებისთვის, ამასთან სპეციალური სენსორის საშუალებით, დრონს შეუძლია, გადაიღოს სპექტრული სურათები, რაც მიწის და მცენარეთა სტრუქტურის ანალიზის და მონიტორინგის საშუალებას იძლევა.
პირველ რეგისტრირებულ აგროდრონს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ამოსაცნობი ნიშანი GE-002 მიენიჭა.