საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება. საქართველო ექვს წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის დასახელდა (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად. გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ ანესში, ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.
ფრირაიდის მსოფლიო ტურში 50 გამორჩეული სპორტსმენი (რაიდერი) იასპარეზებს. ხაზგასასმელია, რომ მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება, ხოლო კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის პოზიციონირდა, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი.
შეჯიბრება 2024 წლის მარტში ჩატარდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტული ბრენდის გაძლიერებისთვის.
„ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი სამთო-სათხილამურო ტურისტული პროდუქტები. ამით ძალიან გაიზრდება ჩვენი ქვეყნის, მათ შორის, კონკრეტულად, სვანეთის, როგორც ტურისტული მიმართულების, ცნობადობა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ტურისტულ ბრენდს. ხელს შეუწყობს ზამთრის ტურისტულ სეზონზე უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაურის ჩამოსვლას ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კურორტზე“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ ორი წლის განმავლობაში წარმატებით უმასპინძლა ფრირაიდის საკვალიფიკაციო ეტაპებს და უმაღლეს დონეზე ჩატარებულმა ღონისძიებებმა განაპირობა საერთაშორისო ექსპერტების ყურადღება საქართველოსადმი.
ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. მსოფლიო ტური 300 მილიონ მაყურებელს ფარავს, შესაბამისად, ღონისძიება უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის.
შეჯიბრებების მაღალი სტანდარტით ჩატარება საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს, გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას ახალი მიმართულებით და უფრო მიმზიდველს გახდის როგორც ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისთვის, ისე ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.