საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის მესამე კვარტალში 594.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მესამე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 17.6%-ით მეტია.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის 9 თვეში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 1 346.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9 პროცენტით მეტია.
უმსხვილესი ინვესტორების სიაში პირველ კვარტალში აზერბაიჯანი ლიდერობს 25.9 პროცენტით, მეორე ადგილზეა თურქეთი 23.3 პროცენტით, ხოლო მესამეზე გაერთიანებული სამეფო – 10.7 პროცენტით.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 177.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29.9%-ია. მეორე ადგილზეა მშენებლობის სექტორი – 116.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ენერგეტიკის სექტორი 72.3 მლნ. აშშ დოლარით.