საქართველოში ნორვეგიის ელჩი ელენე სანდ ანდრესენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს [ვიდეო]

საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელენე სანდ ანდრესენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„გილოცავთ დამოუკიდებლობის 103 წლის იუბილეს. მაისში საქართველო და ნორვეგია ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ. გარდა პანდემიისა, საქართველოს არსებული საოკუპაციო და პოლიტიკურ კრიზისთანაც მოუწია გამკლავება. ასეთ რთულ დროს კი, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა სიმტკიცე და გამძლეობა. პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოიჩინეს კომპრომისის ნება. წინსვლა, პოლიტიკური გამბედაობა და თანამშრომლობის სურვილი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარია.

საქართველოში წითელი არმიის შემოჭრიდან წელს 100 წელი გავიდა. ამ ფაქტმა პირველი რესპუბლიკის დემოკრატიული განვითარების პროცესი სრულიად ჩაშალა. სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია ჯერ კიდევ გრძელდება და შედეგები ძალიან მტკივნეულია. ჩვენ ვხედავთ  უსირცხვილო მცოცავ ოკუპაციას და ვგლოვობთ იმ ხალხს, რომელთა სიცოცხლე საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის კვეთას შეეწირა. ჩვენ გვახსოვს იმ ქართველი კაცის გმირობის ისტორია, რომელმაც საკუთარი სახლის მიტოვებას, საოკუპაციო საზღვრის მიღმა სიკვდილი ამჯობინა.

ნორვეგია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. საქართველო ძლიერი და სანდო პარტნიორია.

მე და ჩემმა კოლეგებმა უკვე მოვასწარით ამ საოცარი ქვეყნის კუთხეების დათვალიერება, დავტკბით რაჭის თვალწარმტაცი ხეობებითა და შთამბეჭდავი ხედებთ მყინვარწვერიდან. კიდევ უფრო მეტის ნახვისა და შეცნობის სურვილი გვაქვს. საქართველო ზღაპრული ქვეყანაა, არა მხოლოდ მისი ბუნებისა და სამზარეულოს, არამედ აქაური ხალხისა და კულტურის მრავალფეროვნების გამო, რაც ამ ერს ასეთ საინტერესოს და საყვარელს ხდის. ვაქცინაციის რიცხვის ზრდასთან ერთად, დიდი იმედი გვაქვს, ამ რთულ პერიოდს მალე უკან ჩამოვიტოვებთ. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ“, – განაცხადა ელენე სანდ ანდრესენმა.