საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ
საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ

საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ. „როტარი კლუბ თბილისი ინტერნეიშენალის“ საშუალებით, 25 000 ევროს ღირებულების 11 000 ტონა ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა.

საკვები და ჰიგიენური საშუალებები ბათუმსა და თბილისში შემოვიდა. სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების დასაწყობებას უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაეცნო.

ანდრეი კასიანოვმა დახმარებისათვის მადლობას გადაუხადა საპატრიარქოსა და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციას. მისივე განცხადებით, რუსეთი აგრძელებს უკრაინაში ბარბაროსულ ქმედებებს.

„მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეა ჩვენთვის, რადგან უკრაინაში საქართველოს საელჩომ, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთა, რათა დაეკმაყოფილებინა უკრაინის მოქალაქეების საჭიროებები, რომლებიც იძულებულნი არიან, დარჩნენ საქართველოში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო. ჰუმანიტარული დახმარება 11 ტონას შეადგენს. პირველი ხუთტონიანი ტვირთი წარმატებულად შემოვიდა ბათუმში, მოხალისეების ცენტრში და მზად არის უკრაინელებისთვის გადასაცემად, ვისაც ეს სჭირდება. მეორე ჰუმანიტარული ტვირთი ჩვენ მივიღეთ თბილისში, სამების ტაძარში. ეს მოიცავს საკვებ პროდუქტებს, ჰიგიენურ პროდუქტებსა და სხვა ნივთებს, რომლებიც უკრაინელებს შესაძლოა, სჭირდებოდეთ, ვინც შემოსავალი და ქონება დაკარგა ბარბაროსული რუსული აგრესიით. უკრაინის მხარე გულწრფელ მადლობას უხდის საქველმოქმედო ორგანიზაციას, საქართველოს საპატრიარქოს შენობაში ტვირთის დასაწყობებისთვის. მადლობა ყველას ზრუნვისთვის, ჰუმანურობისთვის, სიკეთისთვის“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.