საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე, მათ შორის, ტაქსების ოპერირებაზე შეზღუდვა მოიხსნა
საქართველოში დღეიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება დასაშვებია. შეზღუდვა მოიხსნა ტაქსების ოპერირებაზეც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, შეზღუდვები იხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.
„როგორც ცნობილია, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების შემსუბუქების ეტაპებად გაწერილი გეგმა შეიმუშავა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა პარასკევს წარადგინა. აღნიშნული გეგმის შესაბამისად, ღონისძიებების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი 27 აპრილიდან ამოქმედდება. ეს ნიშნავს, რომ დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება, სრულად დაშვებულია ონლაინვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები. ამასთან, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ეხება იმ კომპანიებს, დაწესებულებებსა და ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
რაც შეეხება დიდ ქალაქებში შესვლა-გამოსვლის აკრძალვას, რომელიც 15 აპრილიდან მოქმედებს, 27-28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.
საქართველოს მასშტაბით ძალაში რჩება კომენდანტის საათი 21:00-დან დილის 06:00 საათამდე.
ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები, ასევე ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა გადაიხედოს.