საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, ღორისა და ფრინველის რიცხოვნობა შემცირდა
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალის ბოლოსათვის საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, ღორისა და ფრინველის რიცხოვნობა შემცირდა.
კერძოდ, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტით შემცირდა და 965.3 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 453.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.8 პროცენტით ჩამორჩება.
ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.9 პროცენტით შემცირდა და ერთი მილიონი სული შეადგინა.
ღორების რაოდენობამ 194.7 ათასი სული შეადგინა, რაც 13.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, ხოლო ფრინველის რაოდენობა 4.6 პროცენტით შემცირდა და 10.4 მილიონი ფრთა შეადგინა.