საქართველოში 609 ათას ადამიანს ლომბარდების ვალი აქვს, – აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში ლომბარდების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა. გაცემული სესხების 96,4% ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 3,6% – იურიდიულ პირებზე მოდის.
მთლიანობაში, ლომბარდების ვალი 609 ათას ადამიანს აქვს, აქედან დაახლოებით 99% ფიზიკური პირია. სესხების 64,7% პროცენტი – ეროვნულ, ხოლო 35,3% – უცხოურ ვალუტაშია გაცემული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წლის ბოლოსთვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებულია 875 მოქმედი ორგანიზაცია. ყველაზე მეტი ლომბარდი თბილისში მდებარეობს – 55,7%, იმერეთში – 12,1%, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 9,9%, აჭარაში – 9,7%, ხოლო დანარჩენ რეგიონებში – 12,6%.
2017 წელს ლომბარდების მოგებამ 47,6 მლნ ლარი შეადგინა, აქედან 73,1% თბილისში მოქმედ ლომბარდებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.