კოსმოსითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საქართველოს მასშტაბით კოსმოსური ჰაკათონი დაიწყო. ღონისძიების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიაა“, ხოლო მხარდამჭერი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.
ღონისძიების მთავარი მიზანი კოსმოსთან დაკავშირებული ახალი იდეების და მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისებაა. ჰაკათონის თემა მარსის კოლონიზაციაა – მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეული 15 გუნდის წევრები შეეცდებიან, რომ წითელ პლანეტაზე მისია რეალობად აქციონ.
ჟიურის თავმჯდომარე აშშ-ის კოსმოსური სააგენტო NASA-ს ასტრონავტი ქალი ჰაიდი ფაიფერია – ორი კოსმოსური მისიის მონაწილე, რომელმაც კოსმოსში 27 დღეზე მეტი გაატარა, ხოლო ღია კოსმოსში – 33 საათი.
გამარჯვებული გუნდი ჰოლანდიაში, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მუზეუმის, Space Expo-ს სანახავად გაემგზავრება.
„კოსმოსური ჰაკათონი არის ინტენსიური სამეცნიერო მარათონი, სადაც ხდება იდეების გაზიარება. შესაძლოა, წარმოდგენილი იდეები ბიზნესად გადაიქცეს და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყოს ხელი. ამავე დროს, პროექტის განხორციელება საქართველოს დაეხმარება, რათა მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი გახდეს“, – აღნიშნა საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე დამიან ვამპლერმა.