საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები შესაძლოა, ქორწილებსა და ქელეხებსაც შეეხოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვები გახდეს საჭირო.
როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, მოსახლეობაც უნდა მოემზადოს, რომ შეზღუდვები გარკვეულ ეტაპზე მეტი გახდება.
„ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისათვის იყო, რომ გარკვეულ ეტაპზე საჭირო გახდება მეტი შეზღუდვა. მაგალითად, ეს არის უპირველესად 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს ჩვეულებრივი ცხოვრების წესის შეზღუდვაა, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს გასაკეთებელი შეიძლება გახდეს. ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ ყველანი შემზადებული, რომ დიდი თავყრილობები შესაძლოა მთავრობამ აკრძალოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება სიტუაციაზე.
„ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე, როგორზეც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და შემდეგ გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.