საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
საუბარია თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილ 81 წლის ქალზე.
რატიანის თქმით, პაციენტის მდგომარეობა შეყვანისთანავე უკიდურესად მძიმე იყო. რატიანი განმარტავს, რომ პაციენტის მდგომარეობის სიმძიმეს თანმხლები დაავადებები განაპირობებდა.
„ქალბატონი გადმოყვანილი იყო თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს. მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად. ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზიით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.
გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.