საქართველოში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ეგრეთ წოდებული სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა.
მისივე თქმით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს.
„გიდასტურებთ, რომ ლაბორატორიულად ეგრეთ წოდებული სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა. დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია დუბაიში. კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პირი სრულად არის განკურნებული. ოჯახის ყველა კონტაქტი გამოკვლეულია, დროულად მოხდა იზოლირება.
მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაცია გასცა, რომ არ იყოს გარკვეულწილად დისკრიმინაცია, ნუ ვახსენებთ სიტყვებს სამხრეთ აფრიკული, ინდური და ასე შემდეგ. მათი შემოკლებული აბრევიატურებით ვისარგებლოთ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, აფრიკული შტამი მეტი სიმწვავით ხასიათდება.
„აღნიშნული შტამი გასული წლის სექტემბერში იდენტიფიცირებულ იქნა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ამიტომაც მიიღო ეს სახელწოდება. ის განსაკუთრებით გავრცელებულია აფრიკულ ქვეყნებში, მაგრამ ასევე არის აშშ-ში, ევროპის რიგ ქვეყნებში. სამხრეთ აფრიკული შტამის შესახებ ასევე ვიცით, რომ ის ერთნაირად აზიანებს როგორც ბავშვთა მოსახლეობას, ასევე მოზრდილებს და მეტი სიმწვავით ხასიათდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.