საქართველოში კონფლიქტების მოგვარება გაეროს 2018 წლის პრიორიტეტი იქნება
გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის თქმით, გაეროს 2018 წლის 12 მთავარ პრიორიტეტს შორის საქართველოში კონფლიქტების მოგვარება იქნება. ეს განცხადება გუტიერეშმა გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ევროპაში “გაყინული” კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას. გუტიერეშის განცხადებით, საქართველოში, უკრაინაში, ასევე დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების მოსაგვარებლად “ევროპაში ნაციონალიზმის ტალღის შეჩერება” და “საშუამავლო ინიციატივების გაცოცხლება” აუცილებელია და გაერო ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.
ამ კონტექსტში გაეროს გენერალურმა მდივანმა ახსენა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, ასევე ეუთოს მინსკის სამუშაო ჯგუფი, ნორმანდიული ოთხეულის ფორმატი და სამმხრივი სამუშაო ჯგუფი უკრაინის აღმოსავლეთში.
გაეროს პრიორიტეტებს შორის გუტიერეშმა ასევე დაასახელა ტერორიზმთან ბრძოლა, კლიმატის ცვლილებები და ადამიანების უფლებების დაცვა.