საქართველოში კიბერსწავლების, Cyber Coalition 2024-ის დაგეგმვის კონფერენცია ჩატარდა
საქართველოში კიბერსწავლების, Cyber Coalition 2024-ის საწყისი დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
Cyber Coalition-ი ნატო-ს ყველაზე ფართომასშტაბიანი კიბერსწავლებაა, რომლის აღსრულების ფაზაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 1 000-ზე მეტი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.
სწავლება 2024 წლის დეკემბერში ესტონეთში, ქალაქ ტალინში გაიმართება.
კიბერსწავლების მიზანს კიბერსივრცეში ნატო-ს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება, კიბერინციდენტების მართვისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების გაუმჯობესება წარმოადგენს.
საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიურო სწავლებაში, ბოლო ხუთი წელია, აქტიურად მონაწილეობს. ღონისძიება, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ გახსნა და საქართველოსთვის აღნიშნული სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ. მან მონაწილეებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ღონისძიების საქართველოში ჩატარებისათვის და ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.