საქართველოში ხვალიდან ქარი და ნალექი შესუსტდება, თუმცა ღამით ტემპერატურა დაიკლებს
საქართველოში ხვალიდან ქარი და ნალექი შესუსტდება, თუმცა ღამით ტემპერატურა დაიკლებს

საქართველოს მასშტაბით დღეს ნალექი და ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება. ქარის სიჩქარე კი კლებას დღეს საღამოდან დაიკლებს. ამის შესახებ პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა. ნიორაძის განმარტებით, ხვალ და ზეგ ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით ღამით დაიკლებს.

„დღეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდი და ნალექი შენარჩუნდება. უმეტესად თოვლის სახით. მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი და ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში და მის გარეუბნებში შესაძლებელია, დროგამოშვებით ძლიერმა ქარმა ​იქროლოს 20-25 მეტრი წამში. საღამოდან გამოიდარებს და ხვალ დილამდე ცალკეულ რაიონებში შენარჩუნებული იქნება თოვლი. ჰაერის ტემპერატურა, განსაკუთრებით ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში, ზოგან -3 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი -3, -4 გრადუსამდე. თბილისში დღეს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით ქარს, ხოლო ტემპერატურას 0 გრადუსის ფარგლებში ველოდებით. ასევე, ხვალისთვისაც. დღეს უფრო ძლიერი ქარია, ხვალ შედარებით შესუსტდება. 19 და 20 იანვარს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც უნალექო ამინდია. ღამის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში კი ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, -9 გრადუსამდე დაიკლოს. დღის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 12 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი 10 გრადუსამდე. ქარის სიჩქარე კლებას დღეს საღამოდან დაიწყებს“,-აცხადებს სვეტლანა ნიორაძე.

სვეტლანა ნიორაძის თქმით, თბილისში მომდევნო სამი დღის განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„18, 19 და 20 იანვარს თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღეს ღამით 0, ხვალ კი 6 გრადუსი იქნება. 19 იანვარს დღისით 9 და ღამით -3 გრადუსი იქნება. 20-ში კი ჰაერის ტემპერატურა დღისით 10, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. 20 იანვრიდან ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება და კლება არ შეინიშნება“, – აცხადებს ნიორაძე.