საქართველოში ხვალიდან, 21:00-დან დილის ექვს საათამდე, კომენდანტის საათი იმოქმედებს
საქართველოს მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ხვალ, დილის რვა საათიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოში ხვალიდან იმოქმედებს კომენდანტის საათიც, 21:00-დან დილის ექვს საათამდე.
„საგანგებო მდგომარეობის ვადით, ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება, დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
„კოვიდ-19“-თან დაკავშირებით, ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 23 მარტს კი, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.