2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ხურდის დამრგვალების მეთოდი ამოქმედდა. ახალი წესი ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას მოქმედებს.
ახალი წესის თანახმად, 1 და 2 თეთრზე დასრულებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე,
3 და 4 თეთრზე დასრულებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე,
6 და 7 თეთრზე დასრულებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე,
8 და 9 თეთრზე დასრულებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.
„დადგენილი წესი არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტზე და სერვისზე ფასების ცვლილებას და დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში, როგორც ერთეული პროდუქტის შეძენისა და მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ისე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების საერთო ჯამურ ღირებულებაზე“, – განმარტავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
ამასთან, იგეგმება 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღება. ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა განისაზღვრა 2020 წლის ბოლომდე. 2021 წლის პირველი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში, აღნიშნული ნომინალის მონეტების გამოცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან – მხოლოდ ეროვნული ბანკის მეშვეობით, უვადოდ.
ეროვნული ბანკის ცნობით, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების დამზადება და შენახვა მათ მსყიდველობით ღირებულებაზე ძვირი ჯდება.