საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 15 პროცენტი სარგებლობს
2019 წლის 31 მარტის მონაცემებით, საქართველოში, კერძო სამედიცინო დაზღვევით 563,082 ადამიანი სარგებლობს, რაც მოსახლეობის 15%-ს შეადგენს. მონაცემებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სამედიცინო ანუ ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა წინა წლის იგივე პერიოდში 554,070 ადამიანს შეადგენდა, რაც მოსახლეობის 14,9%-ია.
რაც შეეხება დაზღვევის სხვა სახეობებს: 2019 წლის 31 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებული 1 მილიონ 300 ათასი ავტომობილიდან დაზღვეული მხოლოდ 79,672-ია, რაც მთელი ავტოპარკის 6%-ს შეადგენს. წინა წლის იგივე პერიოდში დაზღვეული ავტომობილები მთელი ავტოპარკის 5,5%-ს შეადგენდა.
171,526-ია ქონების დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა, რაც წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე დაახლოებით 40 ათასით მეტია.
2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული.