საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისი ქვეყანაში თამბაქოს ახალი პროდუქტების რეგულირებაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისი ქვეყანაში თამბაქოს ახალი პროდუქტების რეგულირებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისი ქვეყანაში თამბაქოს ახალი პროდუქტების რეგულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების ზეგავლენისგან დაცვას ურჩევს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უმნიშვნელოვანესია მოქმედი კანონმდებლობისა და სახელმწიფო პოლიტიკის სათანადოდ დაცვა, მათ შორის, თამბაქოს ახალი პროდუქტებისა და ელექტრონული სიგარეტების მიმართ რეგულაციების შენარჩუნება.

„მსოფლიო ბაზარზე ელექტრონული სიგარეტები და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი დაახლოებით 15 წლის წინ გამოჩნდა, საქართველოში კი, უფრო გვიან, თუმცა სწრაფადვე მასშტაბური მოხმარების პროდუქტი გახდა. 2016 წელს, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის ფარგლებში, 13-15 წლის ბავშვებში თამბაქოს მოხმარება შეისწავლა. დადგინდა, რომ ამ ასაკის ბავშვების 12,6% ჩვეულებრივ სიგარეტს, ხოლო 13,2% ელექტრონულ სიგარეტს რეგულარულად მოიხმარს.

2017 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის ახალი კანონმდებლობა მიიღო. საქართველოს კანონმდებლობით, ნიკოტინის მიწოდების ელექტრონული სისტემები და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები თამბაქოს ყველა სხვა ნაწარმის მსგავსად რეგულირდება. აკრძალულია მისი მოხმარება დახურულ საზოგადოებრივ სივრცეში, რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა, მათ შორის დახლებზე გამოფენა, რეგულირდება მათი რეალიზაციის წესები და სხვა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს ურჩევს, გასახურებელი თამბაქო, თამბაქოს სხვა პროდუქტების მსგავსად დაარეგულირონ, რაც საქართველოს კანონმდებლობაში უკვე ასახულია. ეს არ გამორიცხავს ქვეყნების მიერ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მათ სრულ აკრძალვასაც. ეს ეფექტური გზაა ახალგაზრდებისა და ბავშვების, არამწველების და სხვათა მიერ თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის დაწყების პრევენციისათვის. ამ პროდუქტების მიმართ მსოფლიოს მრავალ ქვეყანას უფრო მკაცრი რეგულაციებიც აქვს, 32 ქვეყანაში ისინი აკრძალულია.

საგულისხმოა, რომ საქართველოს მოსახლეობა დადებითად შეხვდა თამბაქოს კონტროლის ახალ რეგულაციებს და ბოლო მონაცემებით, დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის ნაწილში 85%-იანი, ხოლო რეკლამის აკრძალვის ნაწილში კიდევ უფრო მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს. კანონის აღსრულების მაჩვენებელი მაღალია ყველა ძირითადი მიმართულებით: დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის, რეკლამისა და პოპულარიზაციის აკრძალვის, ვაჭრობის რეგულირების ნაწილებში.

წინასწარი მონაცემებით, მწეველთა და მოხმარებული თამბაქოს რაოდენობა მცირდება, ხოლო არამწეველთა ექსპოზიციამ თამბაქოს მეორადი კვამლისადმი მკვეთრად იკლო.
აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის საინვესტიციო შემთხვევის ანალიზის შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიებებით და რეგულაციებით, საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე გადარჩება და 15-წლიან პერსპექტივაში 3,6 მილიარდი ლარი დაიზოგება.

თამბაქოს ინდუსტრია და მასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ჯგუფები ცდილობენ, კანონი შეასუსტონ ან მისი ეფექტური დანერგვა ჩაშალონ. ასეთი მცდელობები წარსულშიც ყოფილა და უამრავ ქვეყანას მსგავსი გამოცდილება აქვს.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკის თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებისაგან დაცვა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის 5.3 მუხლის მოთხოვნაა, რომლის სრულად დანერგვის პასუხისმგებლობა საქართველომ აიღო. ამ საკითხთან დაკავშირებით, კანონი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემის ვალდებულებასაც ითვალისწინებს. შესაბამისი დოკუმენტი უკვე შემუშავებულია. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას უახლოეს პერიოდში მისი ოფიციალურად დამტკიცებისა და რეალიზაციისკენ მოვუწოდებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.