საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ტელესერიალის გადაღებები იწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ქართულ-ინდურ კოპროდუქციზე Inside Edge ქართული საპროდიუსერო კომპანია „ფილმ პროდაქშენი“ იმუშავებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ტელესერიალის სიუჟეტი კრიკეტის სამყაროში, გუნდების მეპატრონეებისა და მათი ტოპმოთამაშეების მდიდრულ ცხოვრებაში ვითარდება, სადაც კრიკეტს მიღმა უფრო დიდი თამაშია, რომელსაც მხოლოდ სპორტსმენები არ თამაშობენ. ტელესერიალში მთავარ როლს ბოლივუდის ვარსკვლავი, ვივეკ ობერო (Vivek Oberoi) ასრულებს, რომელსაც არა ერთი საპატიო ჯილდო აქვს მოპოვებული.
ამასთან, Inside Edge-ის გადაღებები პირველ სექტემბერს დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში თბილისში, ბათუმსა და მის შემოგარენში გაგრძელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომოკამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი სულ უფრო აქტუალური ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 10 მაისის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შესულია 15 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა ცხრა ფილმზე, დამატებით ექვს ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. შემოსული პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ორი ქართულ-ფრანგული და ერთიც კი ამერიკული.
სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, საქართველოში ჯამურად 26 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 2 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.