ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ამერიკული როკჯგუფი Imagine Dragons საქართველოში კონცერტს გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია Fix Group-ი ავრცელებს.
პროექტის მენეჯერის ირაკლი კობერიძის თქმით, ჰონორართან დაკავშირებული შეთანხმება მიღწეულია, დასაზუსტებელია მხოლოდ კონცერტის ჩატარების ადგილი. კომპანიამ ჯგუფს ორი ადგილმდებარეობა შესთავაზა და დასტურს ჯგუფის მენეჯერების მხრიდან ელოდებიან. ადგილის შერჩევის შემდეგ ცნობილი გახდება კონცერტის ჩატარების ზუსტი თარიღიც.
ჯგუფი საქართველოს Evole World Tour-ის ფარგლებში ეწვევა. მასშტაბური ტურნეს ფარგლებში ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მოგზაურობს. ევროპის კონტინენტზე საქართველო იქნება ბოლო ქვეყანა, სადაც ამერიკული როკჯგუფი კონცერტს გამართავს.
ჯგუფის ოფიციალურ საიტზე საქართველო ჯერ არ ჩანს, თუმცა ევროპის მასშტაბით ჩასატარებელი კონცერტების სიაში უკრაინა 31 აგვისტოს არის მონიშნული. სავარაუდოდ, საქართველოს ჯგუფი სექტემბრის დასაწყისში ეწვევა.
პროექტის მენეჯერის ინფორმაციით, კონცერტის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ ცნობებს 1 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე მიაწვდიან. მისივე თქმით, ბილეთების გაყიდვა 4 მაისს დაიწყება.
ამერიკულ როკჯგუფს განსაკუთრებული წარმატება 2012 წლის სექტემბერში გამოსულმა სადებიუტო ალბომმა Night Visions-მა მოუტანა.