საქართველოში განათლების რეფორმის განსახორციელებლად USAID-მა 7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი დაიწყო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოში შვიდი მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება დაიწყო.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ზოგადი და უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
„აშშ და საქართველო ადასტურებენ ერთობლივ ძალისხმევას განათლების სისტემის გასაძლიერებლად. საქართველოში დაწყებითი განათლების განვითარების ხელშესაწყობად USAID-მა ახალი, შვიდი მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი „წინსვლა“ დაიწყო. პროექტი მხარს დაუჭერს „ახალი სკოლის მოდელის“ რეფორმის განხორციელებას, რომელიც დაწყებით კლასებში მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებს ანიჭებს უპირატესობას. როგორც სამინისტროს „ახალი სკოლის მოდელის“ რეფორმა, ასევე USAID-ის ახალი პროექტი მოწოდებულია, მოსწავლეებში განავითაროს ამოცანის ამოხსნისა და კრიტიკული აზროვნების უნარები. USAID-ის პროგრამა კითხვისა და მათემატიკის სწავლებით მიაღწევს ამ უნარების განვითარებას პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებში. პროგრამა ასევე გააძლიერებს ადგილობრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, როგორიცაა უნივესიტეტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რათა მომავალში მათ დამოუკიდებლად შეძლონ მოსწავლეზე ორიენტირებული პედაგოგიკის სწავლება.
აშშ-ის საელჩო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორთან ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, მათ შორის, თანადაფინანსების კუთხით. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა და კერძო სექტორი მხარს უჭერს ფულბრაიტის პროგრამას, რის შედეგადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქართველი სტუდენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
ჩვენ ასევე ველით ფულბრაიტის ინგლისურის მასწავლებლის ასისტენტის პროგრამის შესაძლო გაფართოებას, რომელიც სულ მალე მიიღებს საბოლოო სახეს. ვაგრძელებთ თანამშრომლობას ქართველ პარტნიორებათან ერთად, რათა განვიხილოთ სხვა შესაძლებლობები ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად“, – აცხადებენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიაში.
აღნიშნულ საკითხზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში USAID-ის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა. მხარეებმა პროექტის განვითარების ეტაპები განიხილეს, რომელსაც ორგანიზაცია Research Triangle Institute (RTI) განახორციელებს. პროექტი განათლების რეფორმის მხარდამჭერი იქნება და საჯარო სკოლებში „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვას შეუწყობს ხელს.
USAID-ის ახალი პროექტი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. შედეგად, 2024 წლისათვის საჯარო სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემო ჩამოყალიბდება და გაუმჯობესდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები.