საქართველოში გამოკვლეულ ბავშვთა 25 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობის მსუბუქი მატებაა, ხოლო 16 პროცენტში შედარებით მაღალია
საქართველოში გამოკვლეული ბავშვების 25 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში მერყეობს, რაც მსუბუქ მატებაზე მიუთითებს, ხოლო ბავშვების 16 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 578 ბავშვი მოიცვა, რომელთა ასაკი 2-7 წელია.
საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი პალასში“ იმართება.
მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ჩაატარა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შედეგების მიხედვით, ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.
სამინისტრო განმარტავს, რომ ტყვიის კომპონენტის კვლევა 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში. ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების კვლევაში ჩართვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდა და სინჯები იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში გაიგზავნა. ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრი, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ერთ-ერთ საუკეთესო სტანდარტს წარმოადგენს.
უწყების ცნობით, გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა (NEHAP) 2018 წლის 29 დეკემბერს დამტკიცდა. 2019 წლის 19 აპრილს გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების შესახებ“; მომზადებულია ცვლილება „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილებაში ტყვიის კომპონენტის გათვალისწინებით; დამტკიცდა ბავშვებში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის კლინიკური პროტოკოლი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის, იაშვილის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-პედიატრებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ შესწავლილ იქნა იმ 16 ბავშვის ოჯახი, რომელთა სისხლშიც ტყვიის დონე აღემატებოდა 30 მკგ/დლ-ს და დაიგეგმა შესაბამისი ინტერვენციები.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობა მუშაობს ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას, მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით, საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციასა და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს.
ჩატარებული კვლევის მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფდნენ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო , გაერო-ს მოსახლეობის ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი.