საქართველოში ფრენებს ამ დროისთვის ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებს
საქართველოში ფრენებს ამ დროისთვის ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებს

საქართველოში ფრენებს ამ დროისთვის ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებს. ესენია: „ურალის ავიახაზები“, „სიბირი (S7)“, „პობედა“, „აეროფლოტი“, „ნორდავია“ და „რედ ვინგსი“.

ფრენები სრულდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში.

რუსეთის ქალაქები კი, საიდანაც საქართველოში ფრენები სრულდება ან დაწყება იგეგმებოდა შემდეგია: მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, სამარა, ეკატერინბურგი, პერმი, როსტოვი, კრასნოდარი, ნოვოსიბირსკი, ყაზანი, ჟუკოვსკი და სოჭი.

ამასთან, რუსეთის მიმართულებით ფრენებს ასრულებენ ქართული ავიაკომპანიები „ჯორჯიან ეარვეისი“ და „მაი ვეი ეარლაინსი“.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა. ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.