საქართველოში ფრენების აკრძალვის გამო, რუსულმა ავიაკომპანიებმა სამ მილიარდ რუბლზე მეტი დაკარგეს
საქართველოში ფრენების აკრძალვის გამო, რუსულმა ავიაკომპანიებმა სამ მილიარდ რუბლზე მეტი დაკარგეს. ამის შესახებ „ვედომოსტი“ იუწყება.
რუსული გამოცემის ცნობით, ყველაზე მეტად „ურალის ავიახაზებმა“ იზარალა. ავიაკომპანიის ზარალი მილიარდ რუბლს აღემატება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული გამოცემა ავიაკომპანიების თანამშრომლების მიერ მიწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვედომოსტის“ ინფორმაციით, „აეროფლოტის“ და „ეს7-ის“, იგივე „ციმბირის ავიახაზების“ ზარალი 700 მილიონ რუბლს აღემატება. რაც შეეხება „პობედას“ და „რედ ვინგს“, მათი ზარალი 400 მილიონ და 120 მილიონ რუბლს აღწევს.
„ვედომოსტის“ ინფორმაციით, ავიაკომპანიებმა აღნიშნული მონაცემები რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადასცეს, რათა კომპენსაცია მიიღონ, რასაც სამინისტრო აკრძალვის ამოქმედებამდე დაპირდა. თუმცა როგორც ცნობილია, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო მხოლოდ პირდაპირი ზარალის ანაზღაურებას აპირებს.
სამინისტროს განცხადებით, დაგეგმილი რეისების შეუსრულებლობა ავიაკომპანიებს პირდაპირ ზარალს არ აყენებს.