საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩი კარლ ჰარცელი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. საუბარი კონსტიტუციური მართლმსაჯულების საკითხებს და სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს შეეხო.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს კარგი რეპუტაცია აქვს, ჩვენც და ევროსაბჭოც თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე აცხადებს, რომ განიხილეს განვლილი პროექტები, რომელიც განხორციელდა ევროკავშირის დონორობით.
„ვისაუბრეთ, შემდგომში რა პროექტები შეიძლება განხორციელდეს. კარლ ჰარცელი ასევე დაინტერესდა ბოლო პერიოდში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, აღნიშნა, რომ სასამართლოს მომავალშიც ექნება მხარდაჭერა“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.