OSCE/ODIHR-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელმა მისიამ საქართველოში მუშაობა დაიწყო
საქართველოს მთავრობის მოწვევით ქვეყანაში საქმიანობა დაიწყო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელმა მისიამ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
OSCE/ODIHR გასული არჩევნების მსგავსად, წელსაც ყველაზე დიდი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიით იქნება წარმოდგენილი.
მისიის მანდატით, საპრეზიდენტო არჩევნებს 400-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს, მათ შორის 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს, ელჩ გერტ-ჰაინრიხ არენსს უმასპინძლა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (OSCE/ODIHR) საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ მადლობა გადაუხადა OSCE/ODIHR-ს ქართული მხარის მოწვევაზე დადებითი გამოხმაურებისათვის და დაუდასტურა მზაობა მაქსიმალური დახმარება გაუწიოს სადამკვირვებლო მისიას ეფექტურ ფუნქციონირებაში.