10 სექტემბერი საქართველოში ენერგეტიკოსის დღეა. 2024 წელს ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თელეთის ქვესადგურის ტერიტორიაზე გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
„ღონისძიებაზე შეკრებილ აუდიტორიას მიესალმა პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მათ პროფესიული დღე მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა ენერგეტიკის სექტორის თითოეულ თანამშრომელს და ყურადღება დარგის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ენერგეტიკა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგია, რომლის წარმატებული განვითარება, დიდწილად, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის წინაპირობაა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა შეაჯამა დარგში მიმდინარე პროცესები და დადებითად შეაფასა დარგის განვითარების ტენდენციები. მათ შორის, ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეების მშენებლობის პროცესი, რაზეც განსაკუთრებული პოზიტიური გავლენა იქონია საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა სიმძლავრის აუქციონებმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელთა ამოქმედება არა მხოლოდ გაზრდის საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხს, ასევე გააძლიერებს საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ასევე, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიების განვითარებას როგორც საქართველოში, ისე მთელ რეგიონში. ლევან დავითაშვილმა ასევე ისაუბრა ენერგეტიკული სექტორის რეფორმაზე, რომელიც გაზრდის დარგის კონკურენტუნარიანობას და დადებითად აისახება ენერგეტიკაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის პროცესზე.
ენერგეტიკის დარგში მიმდინარე მოვლენები და სამომავლო გეგმები შეაფასა სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა, ჯუბო ტურაშვილმა. მისი თქმით, 2013-2024 წლებში საქართველოში 63 ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რომელთა ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 773 მგვტ შეადგინა. ამასთან, მისი თქმით, 2024-2025 წლებში იგეგმება დამატებით 16 ჰესის მშენებლობის დასრულება, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 150 მგვტ იქნება. გარდა ამისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოტენციურ ინვესტორებთან გაფორმებული აქვს 278 აქტიური ხელშეკრულება ჰიდრო, ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე – 3952 მგვტ, ჯამური გამომუშავება კი 15 მლრდ კვტ სთ-ზე მეტი იქნება.
პრეზენტაციისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამებზე, მათ შორის სიმძლავრის აუქციონებსა და მხარდაჭერის წესით მოსარგებლეებისთვის პირდაპირი წესით ხელშეკრულების გაფორმებაზე. ჯუბო ტურაშვილი ასევე შეეხო ენერგეტიკის სხვა ქვედარგებს, მათ შორის ნავთობისა და გაზის სექტორს, სადაც 2023-2024 წლებში გაიცა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის 25 გენერალური და საქმიანობის 8 ლიცენზია. რაც შეეხება სახელმწიფოს შემოსავალს ნავთობისა და გაზიდან, მან 15 755 850 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ინვესტორი კომპანიების მიერ 31 839 987 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურა, რამაც ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობა კიდევ უფრო მდგრადი და საიმედო გახადა. პრეზენტაციაში განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საქართველოს მთავრობის აქტივობებს ქვეყნის მოსახლეობის გაზიფიცირების მიმართულებით. კერძოდ, 2013 წლიდან დღემდე 377 ათასზე მეტ ოჯახს მიეცა ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის შესაძლებლობა. ამჟამად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზიფიცირების 2022-2024 წლების გეგმა კიდევ ერთ წლით გახანგრძლივდა.
პრეზენტაციის თანახმად, სამინისტრომ შეიმუშავა საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა. მასში განსაზღვრულია სამიზნე მაჩვენებლები, რომლის მიღწევაც საქართველომ აიღო ვალდებულებად 2030 წლამდე: 27,4% – განახლებადი ენერგიის წილი მთლიან საბოლოო მოხმარებაში; 47% – სათბური აირების ემისიების შემცირება; ენერგოეფექტურობის ამაღლება და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდა. გარდა ამისა, სამინისტროს აქტიური ჩართულობით დამტკიცდა შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები.
დოკუმენტის თანახმად, 2024 წელს ასევე გაგრძელდა აქტიური საქმიანობა მწვანე წყალბადის წარმოების განვითარების მიმართულებით. ენერგეტიკული წლის შეჯამების შემდეგ დარგის დამსახურებულ 43 თანამშრომელს ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე საქართველოში, უკვე ოცდამეორე წელია, ყოველი წლის 10 სექტემბერს აღინიშნება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.