საქართველოში ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა
საქართველოში დღეიდან ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა. საპილოტე პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ქართულ სტარტაპს ეკუთვნის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.
პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით, კომპანია „სქროლმა“ ამერიკულ კომპანია „ბირდთან“ თანამშრომლობით შეიმუშავა.
ეკომეგობრული ელექტროსკუტერის გაზიარების სერვისი თავდაპირველად, თბილისსა და ბათუმში იმოქმედებს. პროექტის მიზანი არსებულ ვითარებაში სატრანსპორტო ალტერნატივის შემუშავებაა, რომელიც ურბანული მობილობის სირთულეებს მოაგვარებს და საქართველოს დიდ ქალაქებში ეკოლოგიურ მდგომარეობას გამოასწორებს.
ეკომეგობრული ტრანსპორტით სარგებლობისთვის შექმნილია სპეციალური აპლიკაცია (BIRD) და ვებგვერდი – www.scroll.eco, სადაც სკუტერის გამოყენების წესები და გადაადგილებისთვის აუცილებელი დეტალებია აღწერილი.
ელექტროსკუტერით პირველი მგზავრობისას ათი წუთი უფასოა, რომლის გააქტიურებასაც მომხმარებელი სპეციალური პრომო კოდის საშუალებით შეძლებს.
ელექტროსკუტერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და Bird-ის მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით, სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დღეში რამდენჯერმე დამუშავდება. ხელთათმანისა და სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება ასევე აუცილებელია მომხმარებლისთვისაც.
ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალების გაზიარების სერვისი მსოფლიოს უკვე 120-ზე მეტ ქალაქშია ხელმისაწვდომი.
დღეიდან თბილისში ელექტრონული სკუტერებისთვის სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები ვერა-ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე გაჩნდება. ქალაქში ჩამოყვანილია 1000 სკუტერი და მათი სადგომისთვის გამოყოფილი არეალი ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით გადანაწილდება.
ამ პერიოდისთვის კი ელექტრო სკუტერები განთავსდება შემდეგ ლოკაციებზე:
საბურთალო
ი. გაგარინის მოედანზე; ვაჟა-ფშაველას გამზირის დასაწყისთან და მეტრო „სამედიცინო უნივერსიტეტთან“;
იონა ვაკელის ქუჩაზე; მეტრო „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; მეტრო „ვაჟა-ფშაველასთან“;
მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტთან“; პ. ქავთარაძის ქუჩაზე, (Goodwill-ის მიმდებარე ტერიტორიაზე); ა. ყაზბეგი/მ. თამარაშვილის კვეთაზე; ა. ყაზბეგი/პეკინის კვეთაზე; ა. კალანდაძე/პეკინის კვეთაზე; პეკინი/ა. მიცკევიჩის კვეთაზე; პეკინი/საბურთალოს ქუჩის კვეთაზე; ს.ცინცაძე/დ.გამრეკელის კვეთაზე; პეკინი/ბახტრიონის კვეთაზე; პეკინი/ვ. დოლიძის შესახვევთან; მ. კოსტავა/გ. მიროტაძის შესახვევთან; გიორგი სააკაძის მოედანზე; ა.კალანდაძის ქუჩაზე.
ვერა-ვაკე
ი. ჭავჭავაძის გამზირზე; ი. ჭავჭავაძე/კ. კეკელიძის კვეთაზე; ზ. ფალიაშვილის ქუჩაზე; ი. ჭავჭავაძე/დ. არაყიშვილის კვეთაზე; დ. არაყიშვილის ქუჩაზე; ი. მოსეშვილი/ნ. ბერძენიშვილის კვეთაზე; ი. აბაშიძიძე დარიალის კვეთაზე; ი. აბაშიძის ქუჩაზე; ი. აბაშიძე/ლ. კავსაძის კვეთაზე; ი. აბაშიძე/ დ. არაყიშვილის კვეთაზე; მრგვალ ბაღთან; ვ. ბარნოვის ქუჩაზე; პ. მელიქიშვილის გამზირზე; შოთა რუსთაველის გამზირზე; გ. ლეონიძის ქუჩაზე; თავისუფლების მოედანზე.