საქართველოში საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად, წინასწარ შესაბამისი ფორმის შევსებისა და დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით განხორციელდება
საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ „კოვიდ19-ზე“ PCR ტესტი ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით.
„ეს არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს. შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე, ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრები გახსნა. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.