საქართველოში ე.წ. ინდური შტამის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში ე.წ. ინდური შტამის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „დელტას“ სახელით ცნობილი შტამის ცირკულაცია შეიძლება, ქვეყანაში 10-დან 20 პროცენტამდე მერყეობდეს. ამასთან, აღნიშნა, რომ „დელტა“ შტამი ევროპის ქვეყნებში ე.წ. ბრიტანულ შტამს ანაცვლებს და სულ უფრო ინტენსიურად ვრცელდება მსოფლიოში.
„გიდასტურებთ, რომ გაიზარდა შემთხვევები, გუშინ „დელტა“ შტამის შვიდი შემთხვევა დადასტურდა. სხვადასხვა პროგნოზირების მაჩვენებლებით, როგორც საერთაშორისო ინსტიტუციების, ისე ჩვენი მოდელირებით, ვფიქრობთ, რომ 10-დან 20 პროცენტამდე შეიძლება, ქვეყანაში მერყეობდეს „დელტა“ შტამის ცირკულაცია. მოგეხსენებათ, ეს პროგნოზირებადი იყო, რამდენადაც ეს შტამი თანდათან ბრიტანეთში, ევროპის ქვეყნებში ანაცვლებს ე.წ. ბრიტანულ შტამს და მისი გავრცელება სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. თუ არ ვცდები, დღევანდელი მონაცემებით, უკვე 85 ქვეყანაში არის დაფიქსირებული. მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტად უნდა დავიცვათ რეგულაციები და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, „დელტას“ სახელით ცნობილი შტამი საქართველოში სულ 27 პირს დაუდასტურდა.