საქართველოში დოლარით ვაჭრობა ნოემბერში მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. ეროვნული ბანკის ცნობით, სავალუტო ბაზარზე ბრუნვამ 146.5 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს 33 მილიონი დოლარით (29 პროცენტით) მეტია წინა თვის ბრუნვაზე და 94.4 პროცენტით მეტი წინა წლის ნოემბრის მონაცემზე.
ნოემბერში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7027-დან 2.6896-მდე შეიცვალა, ანუ 0.5 პროცენტით გამყარდა.
თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორი სავალუტო აუქციონი ჩაატარა და ჯამში 20 მილიონი დოლარი შეისყიდა.
ბანკის ცნობით, ნოემბერში გაიზარდა სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 65 პროცენტი ქვეყანაში მოქმედი 16 ბანკიდან და ოთხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან, ხუთ ყველაზე აქტიურ ორგანიზაციაზე მოდის. ეს 15 პროცენტით მეტია წინა თვესთან შედარებით.