საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი თინათინ ბერძენიშვილს შეხვდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად არჩევა მიულოცა
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს შეხვდა.
ელჩმა თინათინ ბერძენიშვილს დირექტორად არჩევა მიულოცა. მარკ კლეიტონის თქმით, საქართველში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან მართლაც ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა. მინდა, გულწრფელად მივულოცო მას ეს პოსტი. ვფიქრობ, საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის დამოუკიდებელი ინფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო საქართველოს ყველა იმ მოქალაქისთვის, ვინც მონაწილეობას მიიღებს არჩევნებსა და ხმის მიცემის პროცესში. გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს საქართველოში. მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დაიცვას ის უმაღლესი სტანდარტი, რომელსაც ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობა ადგენს“,- განაცხადა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, ელჩთან შეხვედრაზე ისაუბრეს ზოგადად იმ კურსზე, რომელიც ქვეყანას და მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს აღებული. ასევე, შეხვედრაზე საუბარი იყო წინასაარჩევნო გარემოზე, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომ სატელევიზიო ეთერი ყველასთვის თანაბარი იყოს.