საქართველოში დღეიდან კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა
საქართველოში დღეიდან კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა

საქართველოში კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება დღეს, დილის 08:00 საათიდან შევიდა ძალაში.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, მთავრობის გაფართოებული სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად საყოველთაო, სრული კარანტინი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

• სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის, მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე – ქალაქებს შორის;

• დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომლის არგათვალისწინების შემთხვევაშიც, სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს;

• ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით;

• იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა, დაცული იყოს ორმეტრიანი სოციალური დისტანცია;

• მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პროტოკოლები. გიორგი გახარიას განმარტებით, აღნიშნული კეთდება იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული, ასევე, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება;

• აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. როგორც გიორგი გახარიამ განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აქვთ ვალდებულება, მათ დაეხმარონ;

• 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი;

• პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პირთა გადაადგილების კონტროლისა და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით, მოეწყობა საკონტროლო პუნქტები – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდსა და ქ. გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები;

• ამასთან, ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. გიორგი გახარიას განცხადებით, აღნიშნული რეგულაციის შესრულება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს მთავრობის მეთაურის განმარტებით, ე.წ. კომენდანტის საათის დროს, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იმუშავებს მხოლოდ აფთიაქები.

ამასთან, იქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც უფასო იქნება და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე გაუწევს კოორდინაციას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განმარტებით, დადგენილი წესების დარღვევისთვის უცვლელი რჩება სანქციების ოდენობა (ფიზიკური პირისთვის – 3 000, ხოლო იურიდიული პირისთვის – 15 000 ლარი). ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია საპატიმრო სასჯელი.